ლუჩანო სპალეტი - „რეინჯერსთან“ შემადგენლობაში სამ-ოთხ მოთამაშეს შევცვლი #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - „რეინჯერსთან“ შემადგენლობაში სამ-ოთხ მოთამაშეს შევცვლი #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსთან“ საშინაო მატჩის წინ გამართულ კონფერენციაზე ხვალინდელი შედეგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ყველა მატჩში მაქსიმუმი უნდა გასცე. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყოველთვის ადვილი არაა. მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ყველა ის თვისება, რაც წარმატებას მოგვიტანს. ხვალინდელი გამარჯვება შეიძლება იყოს გადამწყვეტი, რადგან ის მოგვცემს საშუალებას, 15 ქულით ვითამაშოთ ბოლო ტურში „ლივერპულთან“ და გოლების სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მე ყოველთვის ვირჩევ გამარჯვებას და არა თამაშს მოვალეობის მოხდის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი მოთამაშეებიც გვყავს, ეს მაძლევს შესაძლებლობას სხვებიც ვათამაშო. განსხვავებულია მათი მდგომარეობა, ვინც „რომასთან“ ითამაშა, ნაწილს ჯერ ძალები არ აღუდგენიათ და რადგან მაღალი დონის შემადგენლობის გამო, შესაძლებლობა გვაქვს შემადგენლობა შევცვალოთ, ხვალ წინა მატჩთან შედარებით 3-4 ფეხბურთელს შევცვლით.

შემიძლია ვთქვა, რომ კარგ დონეზე ვართ. აქამდე არასდროს შეგვხვედრია სერიოზული სირთულეები თამაშებისა და მოწინააღმდეგეების გამო. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ. უნდა ვიფიქროთ, თუ რა დონეზე შეგვიძლია ვიყოთ და ყოველთვის სიახლეს ვეძებდეთ.

ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ზოგჯერ საშუალოზე მაღალ დონეზე თამაშობენ. მაგალითად, ოსიმენის საკვირაო გოლი გაიხსენეთ – ეს არის ის, რაც შეიძლება დიდი ფეხბურთელებისა და დიდი გუნდების შემოქმედების ისტორიის ნაწილი გახდეს.

ხვალინდელ მატჩში მეტოქის დაუფასებლობა არაფრით არ შეიძლება. ვიცი, რომ „რეინჯერსს“ ბევრი ტრავმირებული ჰყავს და გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. ამის გამო, ბოლო რამდენიმე თამაში საუკეთესოდ არ უთამაშია. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე მოთამაშეები გავაფრთხილე, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩისადმი არასერიოზული მიდგომა უდიდესი შეცდომა იქნებოდა.

ჩემი კოლეგა არის მაღალი დონის მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორ გამონახოს სასურველი გადაწყვეტილებები. „რეინჯერსის“ ბოლო თამაშებს ყურადღებით დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში „ლივერპულთან“ პირველ ტაიმში აშკარა საგოლე შანსები ჰქონდათ. იმის ფიქრი, რომ ჩვენს წინაშე იოლი მეტოქეა, შეცდომაა, რომელსაც არ დავუშვებთ. ამ მატჩშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გაგვაჩნია“, – თქვა ლუჩანო სპალეტიმ.