ლუჩიანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ სერია A-ს მე-9 ტურის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. „ნაპოლის“ მწვრთნელის თქმით, კვარაცხელია გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და საშიში არაფერია, მაგრამ ათამაშებს თუ არა, ამაზე გაურკვეული პასუხი არ გაუცია.
„ბოლო რამდენიმე მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ვხვდებით გუნდს, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს, თანაც შედარებით პატარა ზომის მოედანზე. შესაძლოა, ამ მატჩის ბედი ინდივიდუალურმა თამაშმა გადაწყვიტოს. თუ ჩვენ ისევე კონცენტრირებულები ვიქნებით, როგორც დღევანდელ ვარჯიშზე ვნახე, მოგების შანსი გვექნება.
არიან თუ არა 100% მზად ჟელინსკი და კვარაცხელია? დღეს ვითამაშეთ 12/12-ის წინააღმდეგ და ამაში ყველა ჩართული იყო, მათ შორის ჟელენსკიმ და კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშეს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს მატჩი შეცვლების გარეშე.
ყველა მატჩში მეტ-ნაკლებად მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა გვჭირდება. მაგალითად, ნდომბელე ხან თამაშობს და ხან ისვენებს. ასე არის ყველა სხვა, გარდა მათი, ვისაც არაჩვეულებრივი უნარები აქვს. თამაშში 2-3 შეცვლა ყველასთვის უკეთესია, ჩემთვის არც ერთი ფეხბურთელი რეზერვისტი არ არის“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.