ლუჩანო მოჯი - კვარაცხელიას ტრანსფერი სამაგალითოა, ამით აჯობა „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“, რომელიც 34 წლის ფეხბურთელებს იმატებს #1TVSPORT
ლუჩანო მოჯი - კვარაცხელიას ტრანსფერი სამაგალითოა, ამით აჯობა „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“, რომელიც 34 წლის ფეხბურთელებს იმატებს #1TVSPORT

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ცნობილმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ რადიო CRC-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზარი გაანალიზა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იმის მაგალითად დაასახელა, თუ როგორ აჯობა ნეაპოლურმა გუნდმა ტურინულ გრანდს.

„ნაპოლი“ სერია A-ს სათავეშია, რადგან ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის, კრისტიანო ჯუნტოლისა და ლუჩანო სპალეტის მიერ განხორციელებული რევოლუციური სატრანსფერო გარიგებები ნაყოფს იძლევა.

„ნაპოლი“ და „იუვე“ ორი სრულიად განსხვავებული რამაა. „იუვენტუსი“ ცდება, როცა 34 წლის ფეხბურთელებს იწვევს და ლოგიკურია, ასეთ შედეგს რომ იღებს. ეს ყველაფერი „ვალებში“ მყოფ კლუბის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ნაპოლიმ“ კი დიდი გამბედაობა გამოიჩინა, ძველი ფლანგის მოთამაშეები გაუშვა და მათ ნაცვლად მოიყვანა ახალგაზრდები, რომლებიც შოუს აწყობენ. გუნდმა რამდენიმე ლირის საფასურად აიყვანა ანგისა, რომელიც ლობოტკასთან ერთად იტალიის ლიგის საუკეთესო ნახევარმცველია.

კვარაცხელიაზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს – ის ბუნებით ჩემპიონია. ეს ბიჭი არა მხოლოდ აღმოჩენაა, არამედ კარგი ტრანსფერის მაგალითიცაა. მომავალში უზარმაზარი შედეგის ჩვენება შეუძლია ამ გუნდს, რომელსაც დი ლორენცო კაპიტნობს – მცველი, რომელიც იტალიის ნაკრებისთვისაც „ხერხემალია“. „ნაპოლის“ ჰყავს ახალგაზრდები, რომლებსაც იტალიისთვის ევროსარბიელზე წარმატების მოტანა შეუძლიათ.

ეს „ჯანმრთელი“ კლუბია და ამისთვის „ნაპოლი“ და მისი მენეჯერები დაფასებას იმსახურებენ. „ნაპოლის“ მწვრთნელს გაუმართლა. სპალეტიმ ყველაფერი გაიგო, რისი გაგებაც სჭირდებოდა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მწვრთნელმა შეიძლება კარგად გამოიცნოს მოთამაშეების თვისებები, მაგრამ ჩემპიონობა შარშანდელივით არ უნდა დაკარგოს. ბიჭების გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით, შეიძლება ბოლო მომენტში საქმე გართულდეს – არავინ არ იფიქროს, რომ „ინტერი“ ამ ბრძოლას გამოეთიშა“, – აცხადებს მოჯი.

„ნაპოლისა და „იუვენტუსის“ გარდა, ლუჩანო მოჯი გენერალური დირექტორის რანგში თანამშრომლობდა კიდევ რამდენიმე გუნდთან – „ტორინოსთან“, „რომასთან“ და „ლაციოსთან“. მისი ვაჟი, ალესანდრო საფეხბურთო აგენტია და ხელმძღვანელობს აგენტებისა და მენეჯერების კონსორციუმს, GEA World-ს, რომელიც 2002 წლიდან 2006 წლამდე ტრანსფერების მოცულობით მსოფლიო ბაზარზე მოწინავე სამენეჯერო სააგენტო იყო.