საფეხბურთო კლუბ „ბრეშას“ პროფესიონალური ლიცენზია ჩამოართვეს #1TVSPORT

15:55, 30.07.2026

1911 წელს შექმნილი ისტორიული იტალიური საფეხბურთო კლუბი „ბრეშა“ 114-წლიანი არსებობის შემდეგ გაკოტრდა.

„ბრეშას“ უმდიდრეს საფეხბურთო ტრადიციებსა და ისტორიაზე ის ფაქტიც ნათლად მეტყველებს, რომ სხვადასხვა დროს მის რიგებში ისეთი მოთამაშეები გამოდიოდნენ, როგორებიც რობერტო ბაჯო, ხოსეპ გუარდიოლა, ანდრეა პირლო და ლუკა ტონი არიან.

კლუბის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. ხელფასებისა და ვალდებულებების დასაფარად „ბრეშამ“ რამდენიმე სესხი აიღო, თუმცა მოგვიანებით ეს კრედიტები ძალადაკარგულად გამოცხადდა.

თავდაპირველად გუნდს 8 ქულა დააკლეს, რის გამოც იტალიის რანგით მეორე დივიზიონი, სერია B დატოვა, ხოლო კლუბის მფლობელმა სერია C-ში ასპარეზობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ მოახერხა.

ყოველივე ამის გამო ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს სტატუსი შეუჩერა და პროფესიონალური ლიცენზია ჩამოართვა. საბოლოოდ კი, დაახლოებით 20-მილიონიანი ვალის ფონზე, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ გუნდი გადახდისუუნაროდ სცნო.

„ბრეშას“ იტალიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში, სერია A-ში 23 სეზონი აქვს გატარებული.

მსგავსი