„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში, უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა
„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში, უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა

კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. დენის შმიგალის, მატეუშ მორავეცკისა და ინგრიდა შიმონიტეს მოლაპარაკებები „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში გაიმართა.

„მატეუშ მორავეცკისა და ინგრიდა შიმონიტესთან „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრაზე  უკრაინის სამხედრო დახმარებასა და აღდგენაზე ვისაუბრეთ. დავგმეთ რუსეთის თავდასხმები და სამხედრო დანაშაულები. მადლობელი ვარ პოლონეთისა და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გაააქტიურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, – წერს დენის შმიგალი „ტვიტერში“.

„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც, უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ლიეტუვა და პოლონეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გაააქტიურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე. ასევე, სამი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო რეესტრის შექმნას, სადაც მოხდება რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის აღრიცხვა. ამასთან, ლიეტუვა და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.