ლოურენს მერედიტი - მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს,​ მართლმსაჯულების რეფორმა და არჩევნები გადამწყვეტი საკითხებია
ლოურენს მერედიტი - მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს,​ მართლმსაჯულების რეფორმა და არჩევნები გადამწყვეტი საკითხებია

„კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა, – ამის შესახებ ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლოურენს მერედიტმა აღნიშნა, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის კრიზისს. ამასთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორი.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივულოცოთ საქართველოს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისს კარგად გაართვა თავი. საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პასუხი, რაც კი გვინახავს მსოფლიოში. მათ ძალიან მალე დახურეს საზღვრები, ძალიან ეფექტური კარანტინი ჰქონდათ და იყო გარდაცვალების ძალიან ცოტა შემთხვევა.

რაც შეეხება ევროკავშირის დახმარებას „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი მხარდაჭერის პროგრამის გადამისამართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 80 მილიონი ევრო გამოეყოფა დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის და 883 მილიონ ევროს სოციალურ ეკონომიკური აღდგენისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 180 მილიონი ევრო და ამ დახმარების მობილიზება უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ. ასე რომ, მჯერა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორი. ჩვენ უკვე ვხედავთ თვალსაჩინო შედეგებსაც. დამცავი საშუალებები უკვე ადგილზეა. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი და 75 მილიონი ევრო გამოიყოფა წლის განმავლობაში, რათა ამ კრიზისის სოციალურ ეკონომიკური შედეგები აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა მნიშვნელოვანად დაგვაზარალა. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და დახმარება გრძელდება“, – განაცხადა ლოურენს მერედიტმა.

​მისივე თქმით, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშშიც ასახულია.

„საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშშიც ასახულია. თუმცა, ამ კრიზისის გამო საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება და ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

2020 წელი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამაზე დეტალურად უკვე ისაუბრეს. ამიტომ დიდხანს არ შევჩერდები. მაგრამ პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი და გრძელვადიანი საკითხი ორია. პირველი არის მართლმსაჯულების რეფორმა.

ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობს სხვა ორგანიზაციებთანაც, მათ შორის ევროსაბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან და მოვუწოდებ საქართველოს, რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მეორე ცხადია, ეხება საარჩევნო წელს. ჩვენ მივესალმებით 8 მარტის შეთანხმებას და მივესალმებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.​ მართლმსაჯულების რეფორმა და არჩევნები გადამწყვეტი საკითხებია“, – განაცხადა ლოურენს მერედიტმა.

დატოვე კომენტარი