ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტს, სტორმი დენიელსს ტრამპის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დაავალა
ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტს, სტორმი დენიელსს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დაავალა. „სიენენის“ ინფორმაციით, ეს თანხა წარმოადგენს იურიდიული მომსახურების ხარჯს, რაც ტრამპმა პორნოვარსკვლავის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას გასწია.
როგორც ცნობილია, სტორმი დენიელსი 2018 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებდა.
კერძოდ, ტრამპი ამტკიცებდა, რომ პორნოვარსკვლავის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მას უცნობი პირი დაემუქრა და ტრამპთან ურთიერთობაზე დუმილი მოსთხოვა, სიცრუეს წარმოადგენდა.
თავად სტორმი დენიელსი ამტკიცებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ აღნიშნული სარჩელი ადვოკატმა მისი ნებართვის გარეშე შეიტანა. მიუხედავად ამისა, ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დენიელსი გაამტყუნა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ტრამპის ოჯახის წევრები.
„მოხარული ვარ, რომ მისი მაისურების გაყიდვები იზრდება. ასე რომ, მას ექნება საშუალება, გადაუხადოს ტრამპს“, – დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპ უმცროსმა.
აღსანიშნავია, რომ ლოს ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დენიელსის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ნიუ იორკის სასამართლოში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი სტორმი დენიელსია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2016 წელს ტრამპის ადვოკატმა დენიელსს ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით ტრამპმა ეს თანხა ადვოკატს დაუბრუნა, თუმცა ხარჯი იურიდიული მომსახურების ანაზღაურებად გაატარა.