ლორია საქართველოს პირველ არხზე ევრო2020-ის მატჩს წაიყვანს - ფავორიტი გერმანია მგონია, შესაძლოა, ლიოვმა კარი გამოიჯახუნოს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტები და რჩეულები დააასახელა.
„ჩემი ფავორიტი რამდენიმე მეკარეა. უპირველსად, იტალიელების მეკარე ჯიჯი დონარუმაა. დე ხეა მომწონს, მაგრამ შესაძლოა, არ ათამაშონ. არც ისაა გამორიცხული, მის გამოცდილებას ენდონ. დღეს ბევრი ძლიერი მეკარეა. ტოპ-კლასში კი ჩემი აზრით არიან დონარუმა, ხე დეა, ნოიერი და ნავასი,“ – თქვა გიორგი ლორიამ.
მან იტალიელი მეკარეების სკოლა გამოარჩია:
„საერთოდ, მეკარეებს ვაკვირდები და დონარუმა მომწონს. მისი მწვრთნელი ბრაზილიელი დიდაა, რომელიც წლები „მილანის“ მეკარე იყო. მან ხელი ძალიან შეუწყო, რომ დონარუმა განვითარებულიყო. იტალიელების სკოლა ყველასგან განსხვავებულია და თავის ნიშა აქვთ. დონარუმა ჩემი აზრით, ბუფონის ნიშას აგრძელებს, რაშიც დიდა დაეხმარა“.
ევრო2020-ის მონაწილე ესპანეთი და შვედეთი ჩვენი ჯგუფის გუნდებია და რომელ მათგანს ამჯობინებს? ლორიამ კომენტარი ამ კითხვაზეც გააკეთა:
„კლასის გათვალისიწინებით, ესპანეთი უფრო მაღლა დგას. შვედეთი უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და მთელი თამაში ზლატანზე იყო აგებული, რომელიც ევროპაზე ვერ ითამაშებს“.
ლორიამ ფავორიტებიც დაასახელა:
„ჩემი აზრით, ჩემპიონატის ფავორიტი გერმანია იქნება. ეს ისეთი გუნდია, რომელიც ბოლომდე იბრძვის. შესაძლოა, ლიოვმა კარი გაიჯახუნოს. ყველა სხვას უყურებს და გერმანია რატომღაც დაიჩრდილა, მაგრამ სულ მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. პორტუგალია და რონალდუც ძლიერი და საინტერესო გუნდია. კრიშტიანუმ შესაძლოა, ისეთი გააკეთოს, თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ასეთია ჩვენთან კვარაცხელია, 120 წუთი დარბის და ძალიან მაგარია“.
მან გაამხილა, რომ ევრო2020-ზე საქართველოს პირველ არხზე მატჩის წაყვანას დათანხმდა:
„გადაცემებში სიამოვნებით მოვალ და უკვე შემომთავაზეს ერთი მატჩის წაყვანა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდები“.