ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ საფრანგეთში 5 ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს წესრიგს 70 ათასი სამართალდამცველი დაიცავს

22:47, 04.11.2026

საფრანგეთში 5 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და საყოველთაო გაფიცვის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების ზომები 31 ოქტომბრის საპროტესტო გამოსვლების დროს განხორციელებული ღონისძიებების ანალოგიური იქნება.

სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იქნებიან სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, მათ შორის პოლიციის ტაქტიკური დანაყოფი (RAID), ეროვნული ჟანდარმერიის სპეციალური ოპერაციების ჯგუფი (GIGN) და სწრაფი რეაგირების ბრიგადა (BRI). უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებენ კინოლოგიური და ცხენოსანი დანაყოფებიც.

ლორან ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი ამოცანა იქნება დემონსტრაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარება და ინციდენტების თავიდან აცილება.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ ძალადობის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, პოლიციის რეაგირება მკაცრი იქნება და კანონდამრღვევებს დააკავებენ.

ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ხელმძღვანელობას უკვე გაუგზავნა შესაბამისი ინსტრუქციები. მათ დაევალათ პირადი შემადგენლობის მობილიზაციის 75 პროცენტამდე გაზრდა, მათ შორის სასწავლო ღონისძიებების გადადებისა და ოპერატიული რეზერვის გამოყენების გზით.

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იმოქმედებს სარკინიგზო ქსელშიც, სადაც სამართალდამცველები დამატებით შემოწმებებს ჩაატარებენ. საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად გათვალისწინებულია უპილოტო საფრენი აპარატების, წყლის ჭავლის მანქანებისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების გამოყენებაც.

საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანია მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარების უზრუნველყოფა და შესაძლო ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა.

მსგავსი