ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შეძენა 3.5 მილიონი ფუნტი დაჯდება
ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შეძენა 3.5 მილიონი ფუნტი დაჯდება

ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად 3 520 000 ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება. ამ მიზნით უკვე გამოიცა მთავრობის განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აწერს. თანხას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოყოფს.

ძირითადი ხარჯის გარდა, 105 ათასი ფუნტი გამოიყოფა სამაკლერო მომსახურებისთვის.

შეძენილ შენობაში განთავსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

ლონდონის გარდა, დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შენობის შეძენა სტრასბურგში იგეგმება. ამ მიზნით 2018 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 21 მილიონი ლარი გამოიყო.

თანხის ნაწილი საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს მოხმარდება.