ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და გამოფენა გაიმართა
ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და გამოფენა გაიმართა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება და გამოფენა გამართა. ღონისძიება ლონდონში ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნატალია სარდლიშვილმა შეასრულა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და ელისაბედ მეორის დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა. ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და აქტივისტი, პოპულარული გადაცემის( Silk Road Adventure) ავტორი და ბრიტანელი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალის („BAFTA“) წამყვანი ჯოანა ლამლი.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის ერთად აღნიშვნისთვის.

თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოსთვის პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს მნიშვნელობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამდროვე ქართულ სახელმწიფოს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. ასევე, ისაუბრა ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

თავის სიტყვაში დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა ბრიტანეთის სახელით ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პარლამენტარიზმის 100 წლისთავი. მან ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.

ღონისძიებაზე ბრიტანელმა მსახიობმა, ჯოანა ლამლიმ ისაუბრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობასა და მის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე, ქართულ სტუმართმოყვარეობასა და ტრადიციებზე, რომელსაც თავის საავტორო გადაცემაში ცალკე ეპიზოდი მიუძღვნა.

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული დიასპორის წარმომადგენლის, მერი ჭიჭიაშვილის ხელნაკეთი მინიატურული ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, აკადემიური წრეების, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრები, მათ შორის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოღლი, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის დელეგაცია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.