ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვის ფარგლებში, მეტროპოლიტენის ყველა ხაზი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე შეწყვეტს მუშაობას და პარასკევს, 07:00 საათიდან განაახლებს
ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
Transport for London-ის (TfL) ინფორმაციით, მეტროს ყველა ხაზი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე შეწყვეტს მუშაობას. მოძრაობა პარასკევს, დილის დაახლოებით 07:00 საათიდან განახლდება. გაფიცვის მიზეზი სამუშაო კვირის ოთხ დღემდე შემცირების გეგმაა, რომელსაც Transport for London (TfL) მემანქანეებს სთავაზობს.
ახალი გრაფიკით, თანამშრომლებს სამუშაო საათების უფრო მოკლე პერიოდზე გადანაწილება მოუწევთ, რაც უფრო ხანგრძლივ ცვლებს გულისხმობს. პროფკავშირი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ახალი გრაფიკი თანამშრომლების დატვირთვას გაზრდის და სამუშაო პირობებს გააუარესებს.
TfL-ის განცხადებით, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა შეთავაზებულ პირობებზე მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. ორგანიზაციის განცხადებით, რომელშიც 7000-მდე ბიზნესი ერთიანდება, გაფიცვის შედეგად გამოწვეული შეფერხებები კომპანიებისთვის განსაკუთრებით საზიანო იქნება, რადგან ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო პერიოდია.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი რუთ დასტონი მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, რათა ეკონომიკური ზარალი შემცირდეს. ლონდონის მერის, სადიქ ხანის წარმომადგენლის განცხადებით, გაფიცვა სერიოზულ გავლენას მოახდენს ქალაქის მოსახლეობაზე, ბიზნესებსა და მგზავრებზე. მერი პროფკავშირსა და TfL-ს მოუწოდებს, დიალოგი გააგრძელონ და უთანხმოება მოაგვარონ.