ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიისთვის იკრიბებიან
ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიისთვის იკრიბებიან

დღეს გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიადევნებს თვალს.

ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ისინი ამ წუთებში უკვე იკრიბებიან. კიდევ 1 000 სამხედრო კი, კორონაციის საზეიმო მსვლელობის მთელი მარშრუტის გასწვრივ განლაგდება.

ბუკინგემის სასახლესთან მოწვეული სტუმრებისთვის დამონტაჟებულია ტრიბუნები. სტუმრებს შორის იქნებიან სამხედრო ძალების ვეტერანები, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების და სოციალური მუშაკებიც. ცერმონიას ასევე დაესწრებიან სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ცნობილი ადამიანები.

ჩარლზ მესამის კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სადაც ის სამეფო ფიცს დადებს. ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეორმოცე მონარქი იქნება, რომელსაც გვირგვინს უესტმინსტერის სააბატოში დაადგამენ, რის შემდეგაც მას ტახტზე აიყვანენ. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს კენტერბერის არქიეპისკოპოსი. ჩარლზის შემდეგ ტახტზე აიყვანენ დედოფალ კამილას.

კორონაციის ცერემონიის დასასრულს დაგეგმილია 62 საზეიმო გასროლა ლონდონის თაურეიდან.

მეფე ჩარლზმა გაერთიანებული სამეფოს ტახტი დედის, დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. დედოფალ ელისაბედ მეორე 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა.