ლონდა თოლორაია - მნიშვნელოვანია, ყველა უწყება, ორგანიზაცია, პირი, რომელსაც შეხება აქვს სხვის პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას
ლონდა თოლორაია - მნიშვნელოვანია, ყველა უწყება, ორგანიზაცია, პირი, რომელსაც შეხება აქვს სხვის პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი პერსონალური მონაცემები გროვდება და ინახება ყველგან – საჯარო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სატელეფონო კომპანიებში, კერძო დაწესებულებებში. მონაცემის არაკანონიერი დამუშავება შეიძლება, გახდეს ადამიანის დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციის ან და სხვა ნეგატიური შედეგების მომტანი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო უწყება, კერძო ორგანიზაცია და პირი, რომელსაც შეხება აქვს ჩვენს პერსონალურ მონაცემებთან, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მათ დაცვას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით, 2019 წელს გაიზარდა სამსახურისადმი მომართვიანობა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხის შესწავლის მიზნით სამსახურს მიმართა 422-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, შესული განცხადებების 81 პროცენტი ეხებოდა კერძო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავებას, ხოლო 19 პროცენტი – საჯარო უწყებებში მონაცემთა დამუშავებას.

სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში.

„გაზრდილი მომართვიანობის პარალელურად, სამართალდარღვევების შემცირებული მაჩვენებელი საჯარო უწყებებში და კერძო ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამ სფეროში კვლავ ბევრი გამოწვევაა“, – დასძინა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ლონდა თოლორაიამ ყურადღება გაამახვილა შიდა მონიტორინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა – „საჯარო უწყებებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გააქტიურონ შიდა საზედამხედველო დანაყოფები, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაპყრონ თანამშრომელთა მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს“.