„ლოკომოტივში“ ტრავმირებულები არ არიან - კობახიძე 90 წუთისთვის მზადაა
„ლოკომოტივში“ ტრავმირებულები არ არიან - კობახიძე 90 წუთისთვის მზადაა

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩისწინა ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართა.

გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, საბედნიეროდ, ტრავმირებულები არ ჰყავთ.

„მზადება ჩვეულებრივი იყო, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით. რაც მთავარია, ტრავმირებულები არ არიან. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და თამაშს კარგი განწყობით ვხვდებით“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

მან ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის მზადყოფნაზე ილაპარაკა: „რადგან შეყვანილია განაცხადში, ესე იგი სათამაშოდ მზადაა. მაგრამ რამდენი სათამაშო დრო ექნება, ეს ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ვინც განაცხადშია, ყველა ფეხბურთელს შეუძლია 90 წუთი ითამაშოს. ერთადერთი, ვის კონდიციებზეც კითხვები რჩება, დავით კირკიტაძეა, რადგან მან ახლახან განაახლა ვარჯიში“.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ შეხვედრა 17 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება – შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.