„ლოკომოტივმა“ რევაზ ინჯგიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
„ლოკომოტივმა“ რევაზ ინჯგიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

თბილისის „ლოკომოტივმა“ რევაზ ინჯგია 2021 წლის ბოლომდე შეინარჩუნა. კლუბმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან ახალი, სამწლიანი ხელშეკრულება, 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ინჯგია „ლოკომოტივის“ აკადემიის 19-წლამდელთა შემადგენლობის წევრია, ხოლო მთავარ გუნდში 2018 წელს დააწინაურეს. 17 წლის თავდამსხმელმა, ეროვნულ ლიგაში გუნდის მაისური 17-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

„უპირველესად, კლუბის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს, ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. 2018 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო, 19-წლამდელთა გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ეროვნულ ლიგაში დებიუტი მქონდა. მიხარია, რომ კლუბმა შრომა ახალი კონტრაქტით დამიფასა. მინდა „ლოკომოტივში“ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო“ – ამბობს ინჯგია.

რეზო ინჯგია საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2018 წელს, „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდთან ერთად, იგი საქართველოს ჩემპიონი და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი (28 გოლი) გახდა.