„ლოკომოტივმა“ კვირკველიას შემცვლელი „ბორდოში“ მოძებნა
„ლოკომოტივმა“ კვირკველიას შემცვლელი „ბორდოში“ მოძებნა

საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაბრუნება, როგორც ჩანს, გამოირიცხა – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

ხმები საქართველოს ნაკრების მცველის „ლოკომოტივში“ დაბრუნების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც გუნდი ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ დატოვა. მისი პირადი სატრანსფერო ინტერესები გახდა მიზეზი, რის გამო საბა ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით წავიდა.

ეს ვარაუდი იმანაც გაამყარა, რომ მოსკოველებმა კონტრაქტი გაწყვიტეს სლობოდან რაიკოვიჩთან, რომელიც საბა კვირკველიას შემცვლელად ჩაიყვანეს. ახლა საბა სეზონისთვის ვოლგოგრადელებთან ერთად თურქეთში ემზადება და გაირკვა, რომ „ლოკომოტივმა“ მისი შემცვლელი მოძებნა და ტრანსფერში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

„გასულ წელს ძალიან ბევრი კითხვა იყო მოსკოველთა დაცვასთან დაკავშირებით. მურილო ხშირად ცდებოდა, ისევე როგორც სლობოდან რაიკოვიჩი, ხოლო ვეტერანი ვედრან ჩორლუკა მალე 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომ „ლოკომოტივს“ დაცვის ხაზში სასწრაფოდ „ახალი სისხლი“ დასჭირდა. არჩევანი ბრაზილიელ პაბლოზე შეჩერდა. 2015 წლიდან ის „ბორდოში“ თამაშობდა და საფრანგეთის პრესაში კარგ შეფასებებს იღებდა. 2018 წელს პაბლომ ბრაზილიის ნაკრებში 2 მატჩიც კი ჩაატარა. მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ამიტომ სატრანსფერო თანხამ მხოლოდ 2,5 მილიონი ევრო შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ პორტალი Transfermarkt ბრაზილიელს 8 მილიონ ევროდ აფასებს, ეს გარიგება „ლოკომოტივისთვის“ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.