ლოკომოტივმა კალვიზანო დაამარცხა | კონტინენტის ფარი [ვიდეო]

საერთშორისო საკლუბო ტურნირ „კონტინენტის ფარზე“ „ლოკომოტივმა“ მესამე შეხვედრა გამართა. ამჯერად თბილისური კლუბი იტალიურ „კალვიზანოს“ სტუმრად დაუპირისპირდა, შინ განცდილი მარცხისთვის (6:17) რევანში აიღო და ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნა.

მატჩის პირველი ნახევარი ლელოს გარეშე დასრულდა. მეტოქის ორი საჯარიმოს პასუხად წიკლაურმა ოთხი გაიტანა და „ლოკომოტივი“ შესვენებაზე ექვს ქულიანი უპირატესობით გავიდა.

შეხვედრის პირველი ლელო სტუმრებმა დადეს. „ლოკომოტივმა“ მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში საკუთარი დერეფანი მოიგო და შესანიშნავი მოლი ააგორა. ბურთი ლელოში ფარნა გასვიანმა დაამიწა. წიკლაურმა გარდასახვის გატანა ვერ მოახერხა – 6:17.

65-ე წუთზე „კალვიზანომ“ ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსი მიიღო, თუმცა იტალიელებმა მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დანიშნული ჯარიმის კიდეზე გადატანა განიზრახეს, რაც არ გამოუვიდათ და „ლოკომოტივმა“ ეს ეპიზოდიც განმუხტა.

მატჩის ბოლო წუთებზე თბილისელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, თუმცა მიღებული შანსები გამოიყენეს. მატჩის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე მასპინძლებმა „ლოკომოტივს“ მორიგი მოლი ჩაუქცია. წიკლაურმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და ქართველები 14 ქულით დააწინაურა – 6:20.

დაპირისპირებისთვის განკუთვნილი დრო უკვე გასული იყო, როდესაც მასპინძლებმა უმნიშვნელოვანესი ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 13:20 დააფიქსირეს.

„კალვიზანომ“ ბონუს ქულა მოიპოვა და „ა“ ჯგუფში ლიდერობა 10 ქულით შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ „ლოკომოტივს“ ცხრა ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.