„ლოკომოტივმა” 18 წლის ნახევარმცველთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა” 18 წლის ნახევარმცველთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

სეზონის განახლებამდე თბილისის „ლოკომოტივი” აქტიურად ემზადება – პარალელურად, გუნდი საკადრო საკითხებს აგვარებს. გუნდს შეუერთდნენ ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი და 24 წლის სენეგალელი ცენტრალური მცველი ადამა ვადე.

ახლა „ლოკომოტივმა“ საკუთარი 19-წლამდელების გუნდიდან 18 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი დააწინაურა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„18 წლის ლუკა კეკელიძესთან სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ნახევარმცველი ლოკომოტივის აკადემიაში 13 წლის ასაკში ჩაირიცხა. წარმატებები კეკელ – ჩვენ გვჯერა შენი“, – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.

ლუკა კეკელიძე 2003 წელსაა დაბადებული. თავიდან 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, 2013-2016 წლებში კი „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში გადავიდა, საიდანაც „ლოკომოტივში“ მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ კეკელიძე „ლოკომოტივის“ მთავარ გუნდში 2020 წლის ზაფხულიდან ვარჯიშობს და გია ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის განაცხადშიც შეიყვანა. ნიჭიერ ნახევარმცველს თბილისური გუნდი სპორტულმა დირექტორმა თამაზ ბოკერიამ 17-ნომრიანი მაისურა გადასცა.

18 წლის ფეხბურთელი გამოძახებული იყო 15-წლამდელთა ნაკრებში, ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა და მცირე ხნის წინ აზერბაიჯანში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ათამაშა.