თბილისის „დინამო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდს“ 8 აგვისტოს შეხვდება. მანამდე, თბილისურ კლუბს 4 აგვისტოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩის გადადებაზე „ლოკომოტივი“ არ დათანხმდა („დინამომ“ ანგარიშით 6:0 მოიგო).
ამ უარმა გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თამაშის არგადადების მიზეზი საქართველოს პირველ არხთან „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ განმარტა.
„აბსურდია ის აზრი, თითქოს ჩვენ დაღლილ „დინამოსთან“ თამაში, ან სულაც „ფეიენოორდთან“ მისი წაგება გვინდოდა. საქმე პრინციპშია. ჰოლანდიის ჩემპიონატში ტურის მატჩი „ფეიენოორდმა“ 4 აგვისტოს ჩვეულებრივად ითამაშა და „დინამოსთან“ განმეორებით შეხვედრამდეც ტურის შეხვედრა ელის – ასეთ დროს ევროპაში თამაშის გადადებას არ განიხილავენ. ჩვენი მიდგომა ეროვნული ლიგის კალენდრის და საკუთარი ჩემპიონატის პატივისცემიდან მომდინარეობს – ყველა კლუბმა მას პატივი უნდა სცეს, ხოლო მეტოქის მდგომარეობით სარგებლობაზე ლაპარაკი და საქმის სხვაგვარად დანახვის ყველანაირი მცდელობა მიუღებელია. დღეს რომ ვიღებდეთ გადაწყვეტილებას და წინასწარ გვცოდნოდა, ანგარიშით 0:6 წავაგებდით, გადაწყვეტილებას მაინც არ შევცვლიდით. ჩვენი აზრით, თამაშის არგადადებით „დინამოს“ ზიანი არ მიდგომია, პირიქით. „დინამოს“ „ფეიენოორდთან“ წარმატებებს ვუსურვებთ“, – ამბობს ლექსო თოფურია.