„ლოკომოტივის“ მიმართვა „დინამოს“ და სტეფან სიკაჩს - ჩვენ ვიცავთ სამართლიანი თამაშის პრინციპებს
„ლოკომოტივის“ მიმართვა „დინამოს“ და სტეფან სიკაჩს - ჩვენ ვიცავთ სამართლიანი თამაშის პრინციპებს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 მატჩში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის, დინამოელთა მეკარე სტეფან სიკაჩს საკუთარ საჯარიმოში ფეხი დაუცდა და დაეცა, რის შემდეგაც მის კარში „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა დავით სამურკასოვმა გოლი გაიტანა.

როგორც მერე გაირკვა, ამ სათამაშო ეპიზოდში „დინამოს“ მოლდაველმა ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. გულშემატკივრების ნაწილმა „ლოკომოტივი“ და სამურკასოვი ფეარ-პლეის (სამართლიანი თამაშის) პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამის გამო „ლოკომოტივმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„ამ დინამიურ ეპიზოდში, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა – დავით სამურკასოვმა წესების სრული დაცვით იმოქმედა. მას არ შეუნიშნავს მეტოქე გუნდის გოლკიპერის ვარდნა, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული და ყველაფერი წამის მეასედში მოხდა. აქვე, ჩვენი კლუბისა და ფეხბურთელების სახელით, ვაფიქსირებთ, რომ ზედმიწევნით ვიცავთ სამართლიანი თამაშის – ფეარ პლეის პრინციპებს და მომავალშიც აუცილებლად ასე იქნება. ვწუხვართ, რომ ზემოთ ხსენებული ეპიზოდი სტეფან სიკაჩის ტრავმით დასრულდა. სიკაჩს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს. მთელი კლუბის სახელით, ვუსურვებთ სტეფანს მალე გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებას” – წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.