გიორგი მინაშვილი „ლოკომოტივის“ აკადემიის ახალი მთავარი მწვრთნელია. ეს გადაწყვეტილება კლუბში მას შემდეგ მიიღეს, როდესაც მინაშვილის წინამორბედი ლაშა ჭაღიაშვილი თბილისური კლუბის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
გიორგი მინაშვილი წლების განმავლობაში ინგლისის „კრისტალ პალასის” 17 წლამდე გუნდში მუშაობდა, შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი, რომელიც „დინამო თბილისის“ ახლადდაარსებულ აკადემიას ხელმძღვანელობდა.
მინაშვილმა 2015 წლის ნოემბერში „ლოკომოტივში“ ანალოგიური პოსტი დაიკავა და ამ ასაკობრივი გუნდების სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდიკას ხელმძღვანელობდა. 2017 წელს გუნდში 19 წლამდელებსა და „ლოკომოტივი 2“-ს წვრთნიდა.
გიორგი მინაშვილი პირველი ქართველი სპეციალისტია, რომელმაც ჩინეთში იმუშავა – 40 წლის სპეციალისტი პეკინში 2017 წლის ივლისში წავიდა და „დალიან ისტარის“ საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა.