თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის ემზადება. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ტესტ-მატჩი საგურამოში ერევნის „პიუნიკთან“ გამართა და დამარცხდა.
„ლოკო-არენაზე“ ჩატარებულ სპარინგ-მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე თბილისელებმა გახსნეს. სტუმართა მცველის უხეში შეცდომით მამია გავაშელიშვილმა უკვე მე-4 წუთზე ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
ერევნელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. შეტევა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან არმან ჰოვანისიანმა გაამწვავა და ძლიერი დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა. საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში სტუმართა პორტუგალიელმა ლეგიონერმა, უგო ფირმინომ დააფიქსირა, რომელმაც საჯარიმოს შესრულების შემდეგ მცველებს დაასწრო და თავით ზუსტად დაარტყა – 1:2.
„პიუნიკმა“ თბილისურ შეკრებაზე მეორე მატჩი გამართა. მანამდე ერევნელებმა „საბურთალოსთან“ ითამაშეს და შეხვედრა 1:1 დაასრულეს. ამით სომხური კლუბის თბილისური შეკრება დასრულდა და გუნდი სამშობლოში გაემგზავრა.