„ლოკომოტივი“ მზადებას იწყებს - სამი ტრანსფერი ახალი სეზონისთვის
„ლოკომოტივი“ მზადებას იწყებს - სამი ტრანსფერი ახალი სეზონისთვის
საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ევროპის ლიგის საგზურის მფლობელი გუნდი საგურამოში, საკუთარ ბაზაზე ვარჯიშობს.
 
თბილისელთა შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებია: „ლოკომოტივთან“ კონტრაქტები დაუსრულდათ გიორგი გოროზიას, დავით ჯიქიას, ლუკა კიკაბიძეს, ირაკლი კომახიძეს და ლაშა გვალიას.
ჯერჯერობით, „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ სამი ნიჭიერი ქართველი მოთამაშე დაიმატა: „საბურთალოდან“ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც ოთხი თვე ესპანეთში, „ბენიდორმში“ თამაშობდა.
თბილისელებმა ორი ფეხბურთელი „რუსთავიდან“ აიყვანეს: 19-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე და რუსთაველთა 20 წლის კაპიტანი ლუკა სილაგაძე, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად თამაშობდა.
„ლოკომოტივში“ 19-წლამდელების გუნდიდან დააწინაურეს გიორგი იაკობიძე, გიორგი ქველაძე და რატი მჭედლიშვილი. სრული დატვირთვით ემზადება მამია გავაშელიშვილიც, რომელმაც მძიმე სენი დაამარცხა. 24 წლის თავდამსხმელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.