„ლოკომოტივი“ ფუტსალის გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს - ასათიანმა აკადემიის ბავშვებს ფუტსალის გაკვეთილი ჩაუტარა #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ფუტსალის გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს - ასათიანმა აკადემიის ბავშვებს ფუტსალის გაკვეთილი ჩაუტარა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიაში მნიშვნელოვანი სიახლეა – გუნდმა საფეხბურთო აკადემიაში ფუტსალის დანერგვა გადაწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ლოკომოტივისა“ და ფუტსალის დამეგობრება იწყება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან ერთად – ჩვეულებრივი ვარჯიშების პარალელურად, ბავშვები ჩვენთან დარბაზში, ფუტსალში ვარჯიშსაც შეძლებენ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორის, გიორგი ყიფიანის თქმით, სამომავლოდ ფუტსალთან დაკავშირებით დიდი გეგმები გააჩნიათ.

„ძალიან გვიხარია, რომ ეს პროექტი იწყება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ორი მთავარი ფიგურანტი (ავთანდილ ასათიანი, არჩილ ბოკერია) დაგვეხმარება. ეს მწვრთნელები ჩვენს ბავშვებს საბაზისო ტექნიკურ დეტალებს ასწავლიან, რაც დარწმუნებული ვარ, დიდ ფეხბურთში ძალიან გამოადგებათ. რაც შეეხება თანამშრომლობის ხანგრძლივობას, ჩვენ გვინდა, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა გვქონდეს და სამომავლოდ „ლოკომოტივის“ ფუტსალის გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ახლა კი საცდელი და დასამეგობრებელი აქტივობებით უნდა დავიწყოთ და მერე პროცესში ბევრი რამ გამოჩნდება“, – ამბობს კლუბის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

გიორგი ჭიაბრიშვილი, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: ზოგადად ფუტსალის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით ბავშვი საბაზისო ტექნიკას იღებს. ფუტსალში ხომ ბურთთან ძალიან ბევრი შეხებაა და საბოლოოდ, ძალიან ტექნიკურ ფეხბურთელებს ვიღებთ.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. ფუტსალის ვარჯიშები ბავშვებისთვის სასარგებლოა და თუ ამ უნარებს დიდი მოედანზე გადაიტანენ, ძალიან გამოადგებათ, რადგან ფუტსალში საჭიროა ძალიან სწრაფი აზროვნება, ტექნიკა.

დატოვე კომენტარი