„ლოკომოტივი“ ძლიერდება - თბილისელები დღეს აფრიკულ გუნდს დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ძლიერდება - თბილისელები დღეს აფრიკულ გუნდს დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონისთვის მზადება განაახლა და პირველი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. რევაზ გოცირიძის გუნდი საქართველოში შეკრებაზე მყოფ პარტნიორ კლუბს, ზამბიურ „კაფუე სელტიკს“ თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის ბაზის სტადიონზე ეთამაშება.

ამ შეხვედრას და ჩემპიონატის მეორე ნახევარს „ლოკომოტივი“ მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყებს. გუნდში დაბრუნდნენ „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილები, სანდრო შეწირული და ნიკა ჭანტურია, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ორივე მათგანი ბოლოს „გაგრაში“ თამაშობდა.

გუნდის ფორმას მოირგებს ნიკოლოზ ბაშალეიშვილი – 26 წლის ნახევარმცველი თბილისურ კლუბს ქობულეთის „შუქურადან“ შეუერთდა. ისევე როგორც 25 წლის მარჯვენა მცველი რომან ჩაჩუა.

„ლოკომოტივში“ დაბრუნდა ბიძინა მახარობლიძეც, რომელიც „ლოკომოტივის“ ღირსებას 2019 და 2022 წლებში იცავდა – 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს გორის „დილაში“ თამაშობდა.

ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 18 მატჩის შემდგე „ლოკომოტივი“ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.