თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალი პროექტის განხორციელება დააანონსა. კლუბი მომავალი თაობების გაზრდის მიზნით, საფეხბურთო აკადემიის გაძლიერება და განახლება გადაწყვიტა, პროექტის განხორციელებაში თბილისურ კლუბს ახალი პარტნიორი ეყოლება.
ეს თბილისური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა „რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პროექტის თანახმად, თავისუფალ სკოლაში ახალი სტადიონი გაიხსნება, სადაც დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო აკადემია ამოქმედდება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ 2019 ბევრი მიმართულებით ძალიან საინტერესო წელი იქნება. ძლიერი ბიზნეს-ჯგუფის მხარდაჭერის პირობებში გაცილებით მეტი შანსი გვექმნება, საქართველოში ფეხბურთი წარმატებული გავხადოთ. გვჯერა, რომ ახალგაზრდულ საფეხბურთო სექტორში ბიზნესის ჩართვა იქნება უნიკალური პრეცედენტი და ამასთანავე, მოტივაცია სხვა კომპანიებისთვის, რომ აიღონ მაგალითი და ქართულ ფეხბურთში არსებულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ. ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი“ – ამბობს თბილისი „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.
თამაზ ბოკერია, „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი – „ბავშვებისა და მშობლებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს თანამედროვე მიდგომები და განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელსაც „ლოკომოტივი“ ბავშვებს შესთავაზებს. ჩვენი კლუბი მუდამ ცდილობს, რომ ამ კუთხით განვითარდეს და იმედია, რომ მალე „ლოკომოტივი“ ჩანაფიქრს სრულფასოვნად განახორციელებს და საქართველოში საუკეთესო აკადემია გვექნება“.