ლოიდ ოსტინი - მაქვს პატივი, გამოვაცხადო ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის
ლოიდ ოსტინი - მაქვს პატივი, გამოვაცხადო ახალი ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში პირველად იმყოფება, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა.

„ნება მიბოძეთ, უპირველესად დავიწყო მადლობის სიტყვებით მინისტრ ბურჭულაძის მიმართ, რომელიც დღეს მმასპინძლობს, ასეთი თბილი დახვედრისთვის, თავდაცვის მდივნის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს. მსურდა, ვყოფილიყავი აქ პირადად, რადგან აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელია და მტკიცეა. ახლა, უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, როგორც საფუძველი ჩვენი ძალისხმევისთვის ემსახურებოდა, რათა ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვის უნარებისა და მზადყოფნისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების“ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

„დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის განმარტებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით, ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, თავდაცვის მდივნის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მათი სამუშაოს მნიშვნელობას.

„არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატებისთვის. ეს ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მისი ნაწილი დატვირთვისა, რათა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ასევე, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-ისა და ნატო-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ვიდრე დავასრულებ, მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენენ აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ.

საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც სცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო – 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს.

ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა. კვლავ, დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო. მადლიერი ვარ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის, პირადი ერთგულებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი და უფრო ფართოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისადმი. უღრმესი მადლობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დატოვე კომენტარი