ლოჩოშვილი ბოლომდე ვერ მომჯობინდა, „კრემონეზე“ ისევ დამარცხდა და „ანკონას“ ანტირეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ლოჩოშვილი ბოლომდე ვერ მომჯობინდა, „კრემონეზე“ ისევ დამარცხდა და „ანკონას“ ანტირეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ უმასპინძლა და, დიდი მცდელობის მიუხედავად, სეზონში პირველი 3 ქულის მოპოვების ნაცვლად ისევ დამარცხდა – 2:0.

საქართველოს ნაკრების მცველი იანვარში დაშავდა და ჯერ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება. „ლეჩემ“ ლიგის ბოლო ხუთ მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა გუნდთან, რომელიც ყოველ ტურში დაქვეითებას უფრო და უფრო უახლოვდება – „კრემონეზემ“ სერია A-ში დაწინაურების შემდეგ 21 მატჩი გამართა, მაგრამ დღემდე ერთიც ვერ მოიგო. ამით გუნდმა გაიმეორა ანტირეკორდი, რომელიც 2004 წელს „ანკონამ“ დაამყარა.

როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ამ სეზონში ხშირად ხდებოდა, „კრემონეზე“ თავიდანვე დაუცველად გამოიყურებოდა, მაგრამ „ლეჩემ“ შანსებით ვერ ისარგებლა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ეს „კრემონეზესთვის“ მე-7 მატჩი იყო, რომლის შესვენებაზეც მსგავსი ანგარიშით გავიდა, მაგრამ გუნდს რომ მეორე ნახევარში უჭირს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„კრემონეზემ“ თამაში აქტიური შეტევებით განაახლა, მაგრამ „ლეჩემ“ 11-წუთიან მონაკვეთში თამაშის ბედი გადაწყვიტა. 58-ე წუთზე ანგარიში ფედერიკო ბაშიროტომ გახსნა, ხოლო 69-ე წუთზე გაბრიელ სტრეფეცამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ლეჩეს“ სასარგებლოდ.

21 ტურის შემდეგ 8 ქულით და უიმედო თამაშით „კრემონეზე“ სერია A-ში ბოლო, მე-20 ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კი ტურის მატჩს გასვლაზე 5 თებერვალს „სპეციასთან“ გამართავს.