ლობჟანიძის გუნდი დამარცხდა - „ჰატაისპორს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
ლობჟანიძის გუნდი დამარცხდა - „ჰატაისპორს“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ჰატაისპორში“, რომელიც გასვლაზე „კარაგუმრუკთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა 0:3.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პირველივე წუთებიდან იყო „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში. სტუმრებმა 26-ე წუთზე გაიტანეს – მეტოქის კარი რაიან აბიდიმ აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩაითვალა.

ანგარიში კი 37-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. სტუმართა კარი შეტევაში ჩართულმა მცველმა სტივენ კალკერმა აიღო, შესვენებაზე (45+3-ე წუთზე) გასვლამდე კი „კარაგუმრუკის“ უპირატესობა ფაბიო ბორინმა ორამდე გაზარდა.

საბა ლობჟანიძე 63-ე წუთზე შეცვალეს. 76-ე წუთზე ისევ აბიდიმ გაიტანა, მაგრამ გოლი მეორედაც არ ჩაუთვალეს, მბაიე დიანემ კი 90+8-ე წუთზე პენალტით სტუმრებს მესამეც გაუტანა და საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

ჰატაისპორმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და 9 ტურის შემდეგ 7 ქულით ბოლოდან მეორე (მე-18, ლიგაში 19 გუნდი თამაშობს) ადგილზეა.