უზენაესმა სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო
უზენაესმა სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტი, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაში  მისულ  ადვოკატ  გ.მ.-სთან, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს დ.ბ-ს  იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დუმილის უფლების არჩევა ურჩია.  კამათის დროს ლ.კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს  ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, როგორც თბილისის საქალაქო, ისე თბილისის სააპელაციო  სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  კვირკვაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და  სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით  2000 ლარით შეუმცირდა და საბოლოოდ  10 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ბრალდების მხარემ  საკასაციო წესით გაასაჩივრა.  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კვირკვაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი   სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაადგინა  და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, მას ერთი წლით  ჩამოართვა საქმიანობის უფლება.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა კვირკვაია სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.