სალომე ზურაბიშვილი - 51-ე სკოლის დირექტორიდან დაწყებული მანდატურებით დასრულებული, ყველა ერთი და იმავე სიტყვებით საუბრობს
სალომე ზურაბიშვილი - 51-ე სკოლის დირექტორიდან დაწყებული მანდატურებით დასრულებული, ყველა ერთი და იმავე სიტყვებით საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე 51-ე საჯარო სკოლის მანდატურები გამოკითხვისას ამბობენ, რომ არაფერი დაუნახავთ და გაუგიათ, მათ შორის, არც მოზარდებს შორის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, – ამის შესახებ სხდომის შემდეგ დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სკოლის მანდატურები დღეს დახურულ სხდომაზე გამოკითხა. მანდატურებს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„დღეს იყო მანდატურებთან შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი არ უნახავთ, არაფერი გაუგიათ, არც საპირფარეშოს ინციდენტის შესახებ. ისიც არ იციან, სად ტარდება საერთოდ გარჩევები. ყველა ლაპარაკობს ერთი და იმავე სიტყვებით, დაწყებული დირექტორიდან და დამთავრებული მანდატურებით, რომ იმ დღეს და იმ კვირას იყო არაჩვეულებრივი სიწყნარე სკოლაში. ან არაფერი იციან, რაც ძალიან სამწუხაროა და საერთოდ არ არიან პასუხისმგებელი დირექტორის წინაშე, ან არის რაღაც შეთანხმებული პოზიციები სკოლაში“, –  აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომისიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, გამოკითხვით იკვეთება, რომ სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის პრობლემა არსებობს, ასევე არ კონტროლდება სკოლებში დამონტაჟებული კამერები.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს 51-ე საჯარო სკოლის მანდატურები გამოკითხეს.