რომან გოცირიძე - რაიონებიდან მომხრეების ჩამოყვანა ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქციის ნაცვლად სხვა აქტივობები დავგეგმეთ
რომან გოცირიძე - რაიონებიდან მომხრეების ჩამოყვანა ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ აქციის ნაცვლად სხვა აქტივობები დავგეგმეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხობს და უნერგავს აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს.

მისი თქმით, პარტია როცა საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ გამოიყენებს მის უფლებას და გამართავს აქციას.

„როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და ჩავატარებთ მიტინგებს, როცა გვინდა და სადაც გვინდა. როცა საჭიროდ ჩავთვლით, ხალხსაც გამოვიყვანთ. საარჩევნო კამპანიისას ყოველთვის ტარდებოდა წინასაარჩევნო მიტინგები და ამას გავაკეთებთ თუ არა, ჯერ არ ვიცით, შტაბი გადაწყვეტს. თუ ჩვენ და ნებისმიერი პარტია წინასაარჩევნოდ გამართავს თუნდაც 100 000 კაციან მიტინგს, რა არის ამაში გასაკვირი, როცა წინა არჩევნებზე 60 000 კაციანი გვქონდა. როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქუჩაში მოაწყო 300 000 კაციანი აქცია. ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი საპროტესტო ფორმა, ხელისუფლების მხრიდან რაღაც საგანგაშო რანგშია აყვანილი და ყოველთვის იმეორებენ, რომ დესტაბილიზაციას გეგმავენო. ამით აფრთხობენ მოსახლეობას, აფრთხობენ ამომრჩეველს, უნერგავენ აზრს, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, თუ პარტიამ 100 000 კაციანი აქციის ჩატარება გადაიფიქრა, ეს ნიშნავს, რომ სხვა მიზეზი იყო და მიიჩნია, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში შესაძლებელია სხვა აქტივობა უმჯობესი იყოს.

„ამდენი ადამიანის მოყვანა, თუნდაც რაიონებიდან, რომლებიც ჩვენი მომხრეები არიან და ტრანსპორტირება სჭირდებათ, ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ შესაძლებელია, ამ ეტაპზე, დანახარჯებისა და შედეგების მიხედვით სხვა აქტივობები უფრო გავაფართოვოთ, თუნდაც ჩავიდეთ რეგიონებში და ასე შემდეგ“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციაზე 100 000 ადამიანი ვერ გამოყავს,საარჩევნო მანიპულაციაა.

„როდესაც გვინდა მაშინ გამოვიყვანთ ამ რაოდენობის ხალხს. თუ არჩევნები გაყალბდა და თუ ამას ხალხი დაიჯერებს, თავისთვის გამოვა. არაფერი უკანონო ამაში არ არის, რომ თუნდაც წინასაარჩევნოდ მოვაწყოთ დიდი მიტინგი, რომელიც მოუწყვია ყველა პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, შტაბმა მიიჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლოს უფრო ეფექტიანია რეგიონებთან ურთიერთობა.

„რადგან გაუქმდა აქცია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ენერგია მოვახმაროთ რეგიონებთან ურთიერთობასა და არა დავუშვათ რეგიონებიდან ხალხი ჩამოვიდეს აქ. ე.ი. შტაბმა ჩათვალა, რომ ეს არის უფრო ეფექტიანი საარჩევნო კამპანიის ფინიშზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერიაში განცხადება წარადგინა, რომ 19,20,21 ოქტომბერს თბილისში გეგმავდა წინასაარჩევნო აქციის ჩატარებას, თუმცა მოგვიანებით პარტიამ განაცხადა, რომ აქცია აღარ გაიმართება.