მამუკა ბახტაძე - დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩვენი ხელწერაა და ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე 
მამუკა ბახტაძე - დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩვენი ხელწერაა და ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე 

საქართველოში ტარდება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე დასვა კითხვა – „ზუსტად ერთ კვირაში საქართველოში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, არასამთავრობოებისა და დამკვირვებლების მიერ ფასდება, როგორც ყველაზე ცუდი საარჩევნო გარემო მეორე ტურის წინ. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები მმართველი გუნდიდან ზეწოლის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ასევე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბანკმა განაცხადა, რომ 600 ათას მოქალაქეს ვალებს დაუფარავს და არასამთავრობო სექტორი ამასაც მიიჩნევს ამომრჩეველზე ზეწოლად, ასეთ ვითარებაში რა გზავნილს გააკეთებდით თქვენ არჩევნების მეორე ტურამდე, ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთ გარემოში ჩატარებული არჩევნები იქნება პრობლემა ჩვენთვისაც და ზოგადად ევროკავშირისთვისაც“.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს არის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.

„ეს არის ნარატივი, რომლის გავრცელებასაც სამწუხაროდ, ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მიდგომა. საქართველოში ტარდება დემოკრატიული, თავისუფალი და  გამჭვირვალე არჩევნები. ეს არის ჩვენი ხელწერა და ამიტომაც არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება.

„ჩვენ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მეორე ტურიც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა არჩევნები მომავალში საქართველოში, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ისევე, როგორც ტარდება 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და მოვიდა ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება დარღვევებს, მისი თქმით, არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

„რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, თუ ასეთებს ნამდვილად აქვს ადგილი, ამისთვის საჭიროა კონკრეტული ფაქტების ჩვენება და გამოძიების ჩატარება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. თუ არის ასეთი კონკრეტული შემთხვევები, ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია მოვიდეს და მოხდეს ამ ყველაფერზე დეტალური მოკვლევის ჩატარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან პირადად სთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიავლინონ საქართველოში არჩევნებზე.

„პირადად ვთხოვე ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ისევე, როგორც ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ესწრებოდეს ჩვენს არჩევნებს და იცით, რომ პირველ ტურში იყო დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა. ასევე იქნება მეორე ტურში. დემოკრატიაში არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, საქართველოში მეორე ტურში არჩევნების ბედს და ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტს ქართველი ხალხი, მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.