ირაკლი კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შახტში სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაოები არ გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შახტში სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაოები არ გაგრძელდეს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, მინდელის შახტში არ გაგრძელდეს ის სამუშაოები, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ჩვენი პოლიტიკური ნება დავაფიქსირეთ და პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩავერევით“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტი დაიხურება და არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება, როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ამასთან, მისი თქმით, შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში, ხელფასი აუნაზღაურდებათ.