გიორგი გახარია - დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ჯერ ვერაფერი მითხარით, გარდა იმისა, რომ აღმოაჩინეთ დამატებითი გარემოება, რომელიც ერთი თვის წინ ვიცოდით
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგი არა ფორმალური, არამედ შინაარსობრივი იქნება.
აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრმა დროებითი საგამოძიებო სხდომაზე დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა. დეპუტატი დაინტერესდა, რამ განაპირობა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ იყო ჩატარებული, მათ შორის მ.კ-სთან მიმართებაში.
მინისტრის განმარტებით, გამოძიება აბსოლუტურად ცოცხალი პროცესია და მისი განვითარების სტრატეგია სწორედ მიმდინარეობის პროცესში წყდება.
„როდესაც ვსაუბრობდი, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა გამოძიების უშუალო ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ აქ და მათ ესაუბრათ, ვგულისხმობდი, არა ფორმალურ მხარეს, არამედ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეში პროცესში წყვეტს, რა სტრატეგიით განვითარდეს. მიზანი არის ერთადერთი – რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ექნება ამ ღონისძიებებს და ქმედებებს საბოლოო შედეგის სწრაფ, ადეკვატურ, სამართლიან და ობიექტურ დადგენასთან. სწორედ ამიტომ, იმ მომენტში, როდესაც გამოძიებასთან თანამშრომლობდა მ.კ. და კიდევ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ეს სიცარიელე გაჩნდა. თუმცა აქ ფორმალურად ბევრ რამეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ჩამოვთვალოთ კიდევ უამრავი საგამოძიებო ღონისძიება, რომელიც არ ჩატარებულა. შეიძლება, უფრო საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები არ ჩატარებულა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამის დაკავშირება მ.კ-სთან, შემდეგ მირზა სუბელიანთან და გასაგებია ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ლეგიტიმური კითხვები შინაარსით მაშინ დაიტვირთება, როცა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადასტურდება ამის პირდაპირი კავშირი საბოლოო შედეგთან.
„არსებული ლეგიტიმური კითხვები შინაარსით დაიტვირთება მხოლოდ მაშინ ჩემთვის, როდესაც კოლეგები თავიანთი კომისიის ფარგლებში დაადასტურებენ, რომ ამან პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იქონია საბოლოო შედეგზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ვამბობ და ზოგს არ ესიამოვნა კომისიის მანდატზე როცა ვისაუბრე, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ გვქონდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ აქ უფრო ადრეც და დღესაც ვყოფილიყავით ცოტა უფრო შემტევები. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თვითონ საგამოძიებო კომისიის სტატუსი და რეპუტაცია. ეს ხომ ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა და ამას ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ. გულწრფელად იმედი მაქვს, ამ კომისიის შედეგი იქნება არა ფორმალური, არამედ იქნება შინაარსობრივი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, კომისიის ჯანსაღი კრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.
„იმ 30 დღის შემდეგ, რომელიც უკვე ჩატარდა, შსს-მ დასკვნის სახით, თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად, დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის ნაწილში დანაშაულზე სასჯელი გაამკაცრა, მანდატურების მექანიზმი საერთოდ შეცვალა და ძალზედ შინაარსობრივი რეფორმები დაიწყო სამინისტროში, რათა საგამოძიებო კომპონენტი გაძლიერებულიყო. როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯანსაღი კრიტიკა რამეთი დაგვაზიანებს, არ მივიღებთ ან დისკომფორტი გვექნება? არ გვექნება“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, კომისიამ ვერაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ გამოავლინა დამატებითი გარემოება, რომელიც გახარიას ინფორმაციით, შსს-მ ერთი თვის წინ იცოდა.
„ჩემი ღრმა რწმენით, თქვენ კომისიის დღევანდელ ეტაპზე, არ ვამბობ ერთი თვის შემდეგ რა იქნება, ჯერ შინაარსობრივი სამწუხაროდ, პირადად მე, ცალკე აღებულ მოქალაქეს, ვერაფერი მითხარით, გარდა იმისა, რომ აღმოაჩინეთ დამატებითი გარემოება, რომელიც ერთი თვის წინ ვიცოდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დროებითი კომისია შსს-ში დარღვევას გამოავლენს, ამაზე ადეკვატური რეაქცია ექნება.
„აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ კომისია ადეკვატურად, ობიექტურად დაადგენს რამე სახის დარღვევას შსს-ში, შესაბამისი ადეკვატური და უსწრაფესი ღონისძიებები იქნება მიღებული, ღიად გეუბნებით. თუმცა, ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანია გარკვეული შინაარსობრივი, სისტემური ხარვეზების გამოვლენა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.