ფუნიკულიორის ფერდობზე შესაძლოა, წარწერა – თბილისი განთავსდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მერიამ პროექტის – „შენი იდეა ქალაქის მერის“ ფარგლებში მიიღო.
„ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა „თბილისი“, ქართული და ინგლისური ასოებით. ჩვენი ქალაქის მიმზიდველ ფონზე წარწერა – თბილისი იქნება თვალშისაცემი და ტურისტთა ყურადღებას მიიქცევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე განიხილება, ვინაიდან მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღება.