აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს 

16:14, 26.07.2018

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერმა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რუსეთის ქმედებებზე საუბარისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხიც აღნიშნა.

სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსმენისას, რომელიც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ჰელსინკში გამართულ შეხვედრას დაეთმო, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს.

„გასულ კვირას პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა ვლადიმერ პუტინს. ადამიანს, რომელმაც ყირიმის ანექსიით ყველა ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმა დაარღვია. ის ჩაერია არჩევნებში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში; მხარი დაუჭირა ასადის მკვლელ რეჟიმს სირიაში; გამოიყენა ქიმიური იარაღი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოსაწამლად დიდ ბრიტანეთში; მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ოკუპაცია; აგრძელებს ბირთვული ძალების შესახებ შუალედური შეთანხმების დარღვევას; რუსეთის ჰაკერებმა კი, შტატების კომუნალური სისტემა გატეხეს. ეს სია გრძელდება და გრძელდება, თქვენ მის შესახებ კარგად იცით“, – განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში.

აღნიშნულ საკითხს სხდომაზე სენატორი მარკო რუბიოც შეეხო, რომელმაც აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები დადებითად შეაფასა, მათ შორის სანქციების ნაწილში.

„თუ გამოვყოფთ ჩვენს მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს, სია საკმაოდ მოცულობითია, მათ შორისაა საკითხები, რომელსაც წლებია ვითხოვდით და საბოლოოდ აღსრულდა: ესაა „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინისა და საქართველოსთვის, ასევე ნატო-ს ახალი პოზიციების მხარდაჭერა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“,- აღნიშნა რუბიომ.

სხდომაზე საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც ისაუბრა.

 

მსგავსი