ანდრეს მამიკინსი - მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
ანდრეს მამიკინსი - მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

საქართველო არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს მხოლოდ ევროკავშირის დროშის ჩვენებაში არ გამოიხატება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ანდრეს მამიკინსმა განაცხადა.

თბილისში ვიზიტით მყოფი ანდრეს მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას შეხვდა.

მისი თქმით, რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით საქართველო მოწინავე სახელმწიფოა.

„აქ ვიმყოფები, რომ მოვამზადო ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს სამი წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს მხოლოდ ევროკავშირის დროშის ჩვენებაში არ გამოიხატება – თქვენ ხართ მოწინავე სახელმწიფო რეფორმების გატარებასა და საზოგადოებაში განხორციელებული ცვლილებებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

ანდრეს მამიკინსის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

მამიკინსი დღესვე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.