ანდრეს მამიკინსი - პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრაზე უმცირესობა უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი
ანდრეს მამიკინსი - პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრაზე უმცირესობა უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი

საქართველოს გზავნილი ევროკავშირისთვის მკაფიო და ნათელია, თქვენ გაქვთ პროდასავლური ვექტორი, რაც ორმხრივ ურთიერთობებზეც ვრცელდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ანდრეს მამიკისნმა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა მედიასთან თბილისში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეს საქართველოს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს შევხვდი, მათ შორის, არასაპარლამენტო ოპოზიციას და ასევე, მმართველი პარტიის წევრებსაც. სხვათაშორის, უმცირესობა უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი. მქონდა შეკითხვები, თუ როგორ დაკომპლექტდება ახალი პარლამენტი. ასევე, 2020 და 2024 წლის არჩევნებზე, რადგან ამ დროს, თქვენ რადიკალურად განსხვავებული სისტემა გექნებათ. ჩემი საქმეა, აღნიშნული პროცესი იყოს გამჭვირვალე. ძალიან საინტერესო იყო სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი გიორგი მარგველაშვილთან და ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებთან“ – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან საქართველოს პროდასავლურ ვექტორი განიხილეს.

„თქვენი გზავნილი მკაფიო და ნათელია ევროკავშირისთვის. თქვენ გაქვთ პროდასავლური ვექტორი, ეს ორმხრივ ურთიერთობებზეც ვრცელდება. აღნიშნული განვიხილეთ დავით ზალკალიანთან ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას. ყველაზე ტრაგიკული საკითხი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

ამასთან, როგორც მამიკინსმა აღნიშნა, დღეს საღამოს ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა.