ინგლისის პრემიერლიგაში მეხუთე ტური დაიწყო და ერთპიროვნულმა ლიდერმა „ლივერპულმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო – „ენფილდზე“ 3:1 დაამარცხა „ნიუკასლი“.
„წითლებმა“ სწრაფი გოლი გაუშვეს: მეშვიდე წუთზე ჰოლანდიელმა ჯეტრო ვილემმა გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა 28-ე წუთზე გაათანაბრეს სადიო მანეს ზუსტი დარტყმის წყალობით. პირველი ტაიმის ბოლოსკენ მანემ დუბლი შეასრულა. სენეგალელს ოთხი გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში.
ბოლო გოლი მატჩში 72-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა. ეს ეგვიპტელისთვის 50-ე გოლი იყო „ენფილდზე“.
ზედიზედ მეორე სეზონში, „ლივერპულმა“ პრემიერლიგის სტარტზე ხუთიდან ხუთი მოიგო და ამ ტურის შემდეგაც მიუღწეველი იქნება კონკურენტებისთვის. იურგენ კლოპის გუნდის ბურთების შეფარდებაა – 15:4. საერთო ჯამში, „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ 14 მოგება აქვს და ამ სერიისას, თითო მატჩში მინიმუმ ორ გოლს იტანდა.
„ლივერპულმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ადრიანი, რობერტსონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (75. მილნერი), ფაბინიო, ვიინალდუმი (84. შაქირი), მანე, ორიგი (37; რობერტო ფირმინო), სალაჰი.