„ლივერპულს“ გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად არ შეუშვებენ
16 თებერვალს დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი „ლაიპციგსა“ და „ლივერპულს“ შორის ვერ გაიმართება გერმანული კლუბის საშინაო არენაზე და საერთოდ გერმანიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს.
საქმე ისაა, რომ გერმანიაში აკრძალულია შესვლა იმ ქვეყნებიდან, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები და ამ ქვეყანაში მაცხოვრებლები. ეს აკრძალვა 17 თებერვლამდეა ძალაში.
„პარასკევს მიღებული დადგენილება „კორონავირუსის გავრცელებისგან თავდაცვის“ შესახებ, ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისს. არანაირი სპეციალური წესები პროფესიონალი სპორტსმენებისთვის მასში არ არის შეტანილი. გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ აცნობა „ლაიპციგს“, რომ აღწერილი შემთხვევა არ ხვდება გამონაკლისში“, – წერია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
უეფაში განაცხადეს, რომ თანამშრომლობენ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან და გერმანიის მთავრობასთან. ცოტა ხნის წინ, უეფამ შეცვალა წესები და ახლა, შესაძლებელია პირველი მატჩის ინგლისში ჩატარება. ასევე განიხილება მატჩის გამართვა ნეიტრალურ მოედანზე.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ თუ „ლივერპული“ ვერ მოხვდება გერმანიაში, ხოლო „ლაიპციგი“ ვერ იპოვნის მატჩის ჩატარების სხვა ადგილს, გერმანულ კლუბს 0:3 ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.