ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა და ინგლისის ვიცე-ჩემპიონმა „ლივერპულმა“ პრემიერლიგის 2019 წლის გათამაშებაში პირველი სამი ქულა მოიპოვა. იურგენ კლოპის გუნდის მეტოქე „ნორვიჩი“ იყო.
მასპინძლები მეშვიდე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდნენ. ტიმ კრულს გოლი თანაგუნდელმა გრანტ ჰენლიმ გაუტანა. მეცხრამეტე წუთზე მოჰამედ სალაჰმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 28-ე და 42-ე წუთებზე კი სტუმრებს ვან დაიკმა და ორიჯიმ გაუტანეს. ტაიმი ლივერპულმა ანგარიშით 4:0 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში „ნორვიჩის“ ფეხბურთელებმა მოუმატეს, საგოლე მომენტების შექმნაც დაიწყეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს. ერთადერთი გოლის ავტორი ფინელი პუკი გახდა.
ამ გამარჯვებით მერაისაიდელებმა 2019 წლის სეზონში სადებიუტო სამი ქულა მოიპოვეს.
აღსანიშნავია მატჩის პირველ ნახევარში „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმა. ბრაზილიელი მეკარე ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში დაშავდა, მის ნაცვლად კი მოედანზე „ვესტ ჰემის“ ყოფილი მეკარე ადრიანი შევიდა. ესპანელი მეკარე მერსისაიდელებს წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ გასვლაზე „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.