„ლივერპული“ სხვა გალაქტიკიდან - მერსისაიდელები 10 რეკორდს უმიზნებენ
„ლივერპული“ სხვა გალაქტიკიდან - მერსისაიდელები 10 რეკორდს უმიზნებენ

ის, რომ „ლივერპული“ წელს ინგლისის ჩემპიონი გახდება, უკვე დიდი ხნის წინ გახდა ნათელი ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობისთვის. პრემიერლიგის ბოლო ტურში მერსისაიდელებმა ეს პროგნოზი კიდევ უფრო განამტკიცეს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2-0 დაამარცხეს, მათმა მდევარმა „მანჩესტერ სიტიმ“ კი თავისი მატჩი ფრედ ითამაშა და ორი ქულა დაკარგა.

შედეგად, იურგენ კლოპის შეგირდები შარშანდელ ჩემპიონს 16 ქულით უსწრებენ და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მდევარზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ახლა კი რაც შეეხება რეკორდებს:

ერთი „ლივერპულმა“ უკვე დაამყარა – პრემიერლიგის პირველი 22 მატჩიდან 21 მოიგო და „მანჩესტერ სიტის“ მიერ 2017-18 წლების სეზონში მიღწეული შედეგი გააუმჯობესა.

მეორე რეკორდის დამყარება წითელ ეშმაკებს სულ მალე შეუძლიათ და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკუთარ მოედანზე მომდევნო მატჩს მოიგებენ. ასეთ შემთხვევაში, ისინი ზედიზედ 20 საშინაო გამარჯვებას დააგროვებენ და იმავე „მანჩესტერ სიტის“ რეკორდს გააუმჯობესებენ.

მესამე რეკორდის გასამეორებლად ლივერპულელებს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ. იმისთვის, რომ მათ იმავე „მანჩესტერ სიტის“ 2017-18 წლების სეზონის მიღწევა – პრემიერლიგაში ზედიზედ 18 მატჩის მოგება გაიმეორონ, მომდევნო ხუთი მატჩის ზედიზედ მოგება მოუწევთ.

მეოთხე რეკორდი: ყველაზე მეტი წაუგებელი მატჩი პრემიერლიგაში. 39 უკვე დაუგოვდათ და რჩებათ 11, რათა 2003-04 წლების „არსენალს“ გაუსწრონ.

მეხუთე რეკორდი: ყველაზე ნაკლები დამარცხება ერთ სეზონში: „არსენალი“ ერთადერთი გუნდია პრემიერლიგაში, რომელმაც სეზონი (2003-04) წაუგებლად დაასრულა. „ლივერპულს“ ამ რეკორდის გამეორება შეუძლია.

მეექვსე რეკორდი: ყველაზე მეტი მოგება ერთ სეზონში. „მანჩესტერ სიტიმ“ 32 დააგროვა, „ლივერპულს“ ჯერ-ჯერობით 21 აქვს და ამ სეზონში დარჩენილი 16 მატჩიდან 12 უნდა მოიგოს.

მეშვიდე რეკორდი: ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში. „სიტიმ“ 100 დააგროვა 2017-18 წლების სეზონში, „ლივერპულს“ წელს თეორიულად 112-ის აღება შეუძლია.

მერვე რეკორდი: ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება ერთ სეზონში. ლივერპულს 12 აქვს და შვიდი დარჩა, რათა რეკორდი დაამხოს.

მეცხრე რეკორდი: ყველაზე მეტი გამარჯვება სტუმრად. რვა მოგება რჩება, რომ რეკორდი გააუმჯობესოს.

მეათე რეკორდი: ყველაზე მეტი დღე დაუმარცხებლად პრემიერლიგაში. „არსენალმა“ 537 დღე დააგროვა, „ლივერპულს“ 382 აქვს და რეკორდის გაუმჯობესება მიმდინარე წლის 23 ივნისს შეუძლია.