ევრო 2024-ის შემდეგ „ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდის, ნიკო უილიამსის კარიერაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. 21 წლის ფეხბურთელის შეძენით ბევრი გრანდია დაინტერესებული.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ უილიამსის შეძენის მთავარი ფავორიტი „ბარსელონაა“, მაგრამ მას შეიძლება, ხელი შეუშალოს პრემიერლიგის კლუბმა. კერძოდ, ლაპარაკია „ლივერპულზე“. გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან, გადაიხადონ ნიკოს გამოსასყიდი თანხა, რომელიც მის კონტრაქტშია მითითებული და 58 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ ნაბიჯით „ლივერპული“, შეიძლება, უილიამსის შეძენის ნომერ პირველი კანდიდატი გახდეს, რადგან ცნობილია, რომ რთული ფინანსური სიტუაციის გამო „ბარსელონას“ არ შეუძლია ამავე ოპერაციის განხორციელება. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ უილიამსს არ სურს ესპანეთიდან წასვლა და უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს, რომლის რიგებშიც მისი მეგობარი ლამინ იამალი თამაშობს.
თავად „ბილბაოში“ ფიქრობენ, რომ მათი ვარსკვლავური ფორვარდი გუნდში, მინიმუმ, ერთი წელი დარჩება, მაგრამ თუ უილიამსი მაინც შეიცვლის კლუბს, ეს სწორედ „ბარსელონა“ იქნება.