„ლივერპული“ მამარდაშვილს ესპანეთშიც აკვირდება - ის აჩვენებს, რატომ ითვლება ბეკერის შემცვლელად #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ მხოლოდ მომავალ სეზონში შეუერთდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კლუბმა დაივიწყა საქართველოს ნაკრების მეკარე. ინგლისურ გრანდის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებოდნენ „ვალენსია“- „ოსასუნას“ მატჩს, რომელიც 0:0 დასრულდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo-ს მიმომხილველი ნაჩო სანჩესი ავრცელებს.
ჟურნალისტის ცნობით, „ლივერპულმა“ წარმომადგენლები გააგზავნა მამარდაშვილზე დასაკვირვებლად, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ, ინგლისური კლუბი შეაფასებს, რამდენად შეუძლია მომავალ სეზონში პირველი გუნდის მოთამაშე გახდეს.
„მამარდაშვილმა „ლივერპულის“ პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „მესტალიაზე“ მასზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ. მატჩი უგოლოდ დასრულდა. მისი შეფასებისთვის გადამწყვეტი მომავალი წელი იქნება და „ლივერპული“ საბოლოოდ შეაფასებს, თუ რამდენად შეუძლია მომავალ წელს კლუბის პირველი გუნდის მოთამაშე გახდეს“, – წერს ნაჩო სანჩესი.
„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, 23 წლის მეკარე „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ იყიდა იმ პირობით, რომ მომავალ სეზონამდე „ვალენსიაში“ იჯარით დარჩებოდა. ზედიზედ მეორე „მშრალი“ თამაშით მამარდაშვილი ნათლად აჩვენებს, რატომ ითვლება „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის გრძელვადიან შემცვლელად, რომელიც უკვე შვიდი წელია საიმედოა“, – ეს უკვე ინგლისური კლუბის მხარდამჭერთა ვებგვერდის, Anfieldwatch-ის შეფასებაა.