სენსაცია ენფილდზე - ლივერპული ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია [ვიდეო]
გამოვლინდა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი. „ლივერპულმა“ პირველი მატჩის ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, მეორე შეხვედრაში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა „ბარსელონას” და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. არადა, მერსისაიდულ გუნდს აკლდა თავისი ორი ლიდერი – მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო, რომლებიც ტრავმების გამო არ თამაშობდნენ.
სწორედ მათმა ერთ-ერთმა შემცვლელმა, ბელგიელმა ფორვარდმა დივოკ ორიჯიმ გაიტანა პირველი და მეოთხე გოლები „ბარსას“ კარში. ამ გოლებს შორის კი იყო კიდევ ერთი დუბლი – ჯორჯინიო ვიინალდუმმა სამი წუთის ინტერვალით ორჯერ აიღო ტერ შტეგენის კარი.
ეს არის მეოთხე შემთხვევა, როცა ტურნირს ეთიშება გუნდი, რომელსაც პირველი მატჩი მინიმუმ სამი ბურთით ჰქონდა მოგებული.
საინტერესოა, რომ 2013 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ ითამაშებს არც ლიონელ მესი და არც კრიშტიანუ რონალდუ.
„ლივერპულის“ მეტოქე გაირკვევა ოთხშაბათს, „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩში. პირველი შეხვედრა „აიაქსს“ სტუმრად, ანგარიშით 1:0 აქვს მოგებული.
ლივერპული-ბარსელონა 4:0 (0:3)
გოლები: 1:0 ორიჯი (7), 2:0 ვიინალდუმი (54), 3:0 ვიინალდუმი (56), 4:0 ორიჯი (79)
ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დიიკი, რობერტსონი (46. ვიინალდუმი) – ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი – შაქირი (90. სტარიჯი), მანე, ორიჯი (85. გომესი).
ბარსელონა: ტერ შტეგენი – სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ჟორდი ალბა – რაკიტიჩი (80. მალკომი), ბუსკეტსი, ვიდალი (75. არტური) – მესი, სუარესი, ფილიპე კოუტინიო (60. ნელსონ სემედუ).