ლიუ ჯიანჩაო - აშშ-ისგან განსხვავებით, რომელიც ტერმინ „დემოკრატიას“ ბოროტად იყენებს, ჩინეთის ხელისუფლება არავის ახვევს თავს საკუთარ იდეოლოგიას და ქვეყნებს შორის განხეთქილება არ შეაქვს
აშშ-ისგან განსხვავებით, რომელიც ტერმინ „დემოკრატიას“ ბოროტად იყენებს, ჩინეთის ხელისუფლება არავის ახვევს თავს საკუთარ იდეოლოგიას და ქვეყნებს შორის განხეთქილება არ შეაქვს, – ამის შესახებ ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლიუ ჯიანჩაომ განაცხადა.
„თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისას, საკუთარი ღირებულებებისა და პოლიტიკური რეჟიმის ექსპორტითაა დაკავებული. ჩვენ არასდროს ვახვევთ თავს სხვებს ჩვენს იდეოლოგიას, ღირებულებებსა და განვითარების მოდელს. როგორი უნდა იყოს დემოკრატია, ამას კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობა წყვეტს. აშშ-ის მიდგომა არის შეცდომა და დესტრუქციული. ოფიციალური ვაშინგტონი უთანხმოებას თესავს და საერთაშორისო საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს“, – განაცხადა ლიუ ჯიანჩაომ.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ჩინური ტიპის დემოკრატიის მიზანია გაკეთდეს ყველაფერი ჩინელი ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
„ჩინეთი მზადაა, გაუზიაროს საკუთარი განვითარების გამოცდილება სხვა ქვეყნებს და ამავდროულად ისწავლოს მათგანაც“, – დაამატა ჯიანჩაომ.