ლიონში აქციაზე პოლიციასა და უსაფთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა
ლიონში აქციაზე პოლიციასა და უსაფთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა

ლიონში პოლიციასა და უსაფთხოების შესახებ ახალი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

კანონპროექტი პოლიციის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს. კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით.

კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ერთ წლამდე პატიმრობა და 45 ათას ევრომდე ოდენობის ჯარიმა.

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა, სენატი კანონპროექტს იანვარში უყრის კენჭს.

კანონპროექტის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განმარტა, რომ აკრძალული იქნება პოლიციის ოფიცრების გამოსახულებების გამოქვეყნება მათი სახელების, მისამართების მითითებით და ძალადობისკენ მოწოდებებით.