ლიონელ სკალონი – ვემზადებით ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის, დიდი სურვილით, რომ ყველაფერმა ჩვენ სასარგებლოდ ჩაიაროს #1TVSPORT
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ვემზადებით ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მატჩისთვის – დიდი სურვილით, რომ ყველაფერმა ჩვენ სასარგებლოდ ჩაიაროს, მოსაგებად ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა დაგვჭირდება.
ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ, თუმცა, როგორც ყოველთვის, არის დეტალები, რომელთა გაუმჯობესებაც შეიძლება. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელსაც მეტოქეები უკვე კარგად იცნობენ, ამიტომაც ორმაგად დასაფასებელია ის, რომ აქამდე მოვედით. ვეცდებით, ეს ფინალიც მოვიგოთ.
მგზავრობის შემდეგ უბრალოდ ვისვენებთ. ისეთი განრიგით გვავარჯიშეს, რომელიც არ გვსურდა. საკმაოდ ნაჩქარევად, რაიმე ახლის მოსინჯვის გარეშე. ახლა დასვენებაზე ვართ კონცენტრირებულები. ვნახავთ, რა კონდიციაში მივალთ თამაშამდე. არიან ფეხბურთელები, რომლებიც 100 პროცენტით მზად არ არიან, ასე რომ, ვნახოთ, რა მდგომარეობა გვექნება კვირისთვის.
სამწვრთნელო შტაბი სამუდამოდ მადლიერია ამ ფეხბურთელების. არ არის ადვილი ამდენი წლის განმავლობაში ასეთ დონეზე კონკურენტუნარიანად დარჩენა, ეს მართლაც საოცარია. იმედია, გავიმარჯვებთ, თუმცა განვლილი გზაც უკვე წარმოუდგენელი და ყველასთვის სამაგალითოა.
ის, რომ ლეომ 39 წლის ასაკში ფინალში გასვლა ასე შეძლო, დაუჯერებელია. ჩვენ სათანადოდ უნდა დავაფასოთ, ის რასაც აკეთებს“, – ამბობს სკალონი.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტადიონზე“ შედგება.